ირაკლი ტაბაღუამ დატბორილი ქუჩები დაათვალიერა

2018-03-09 16:21:39

"ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას წვიმის შედეგად დატბორილი ქუჩების შესახებ, თვითმმართველობის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში დატბორილი ქუჩები ადგილზე დაათვალიერა- ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ,  მისმა მოადგილემ დავით კეკელიძემ და ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ზურაბ ტაბაღუამ.

მერის პირველმა მოადგილემ, დავით კეკელიძემ, პრევენციული ზომების გატარებაზე გაამახვილა ყურადღება.

"სავარაუდოდ, ეს არის იაღლუჯის მთიდან ჩამონადენი წყლის მასა და მას სხვაგვარი კალაპოტი ჰქონდა.როგორც ჩანს,  კალაპოტი ჩაიკეტა გარკვეული ზემოქმედების გამო, რის შედეგადაც წყალმა მიმართულება იცვალა და ქალაქში შემოედინა. ვაპირებთ, რომ მოვიყვანოთ სპეციალური ტექნიკა იმისათვის, რომ სანიაღვრე ჭებამდე შეუფერხებლად მივიდეს წყლის მასა.",-განაცხადა დავით კეკელიძემ.

შეგახსენებთ, რომ მცირე ნალექმა რუსთავში პრობლემები შექმნა.  წვიმამ დატბორა ქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა და ეზო.