სასწრაფო ყველა გამოძახებაზე აღარ მივა

2018-03-07 11:46:55

სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე მისვლა ავადმყოფის სიმძიმეზე იქნება დამოკიდებული, ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით,  სპეციალური კომპიუტერული პროგრამის შესაძენად ამერიკულ კომპანიასთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

ოპერატორი სპეციალურ პროგრამაში პაციენტის მონაცემებს შეიყვანს და სწორედ ამ ინფორმაციის საფუძვლზე, პროგრამა შეარჩევს, რომელ პაციენტს უფრო ესაჭიროება სასწრაფო დახმარება. პროგრამის ღირებულება 700 000 დოლარია და მისი შეძენა 112-ის სამსახურსა და თბილისის მერიას წლის ბოლომდე მოუწევთ.

"ეს არის ამერიკული "ემერჯენს ასოციაციის" მიერ შესაბამის გაიდლაინებზე და პროტოკოლებზე დაფუძნებული პროგრამა. თუ დღევანდელი სისტემით პაციენტის მდგომარეობის კარგად დაზუსტება ვერ ხერხდება, ახალი ალგორითმით ზუსტად განისაზღვრება რომელია გადაუდებელი გამოძახება.

გადაუდებელი შემთხვევის დროს სასწრაფო უფრო მოკლე დროში შეძლებს პაციენტთან მისვლას. როგორც გვეუბნებიან, წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება ამ პროგრამის შეძენა და დაინერგება სასწრაფო დახმარების სისტემაში.

საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, გადაუდებელ შემთხვევაში პაციენტთან სასწრაფოს მისვლის დრო 8 წუთს არ უნდა აღემატებოდეს",- აცხადებს კაკი ზოიძე.