"ყოველი მე-5 მანქანა ტექნიკურად გაუმართავია"

2018-03-05 19:45:40

სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედებიდან 2 თვის მონაცემების შედეგად ქვეყნის მასშტაბით 2 935 ავტოსატრანსპორტო საშუალება უვარგისად იქნა ცნობილი.

რაც შეეხება რუსთავს, როგორც სერვის-ცენტრ შპს "დარეში" აცხადებენ, რუსთვში იანვრისა და თებერვლის პერიოდში ცენტრს 733-მა ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა მიმართა, მათგან 161-მა ავტომობილმა კი პირველ ჯერზე ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა.
"შეიძლება ითქვას, რომ ყოველი მე-5 მანქანა ტექდათვალიერებას ვერ გადის და ხარვეზები აქვს, ხარვეზებია ძირითადად მუხრუჭებში, გამონაბოლქვში, საქარე მინებში" - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას შპს "დარეს" ტექნიკურმა მენეჯერმა გივი ნანობაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის, ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ორი თვის განმავლობაში ტექნიკური დათვალიერების მიზნით შესაბამის ცენტრებს 12 ათსამდე ავტომობილის მფლობელმა მიმართა, მათგან  ავტომობილების 32%-მა კი ტექდათვალიერება ვერ გაიარა, ამიტომ მათ ხარვეზების გამოსწორებისთვის ერთთვიანი ვადა მიეცათ.

"დაახლოებით 12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 30-32%-მა ვერ გაიარა ტექნიკური დათვალიერება და მათ მიეცათ ერთთვიანი ვადა. უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა დამატებით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებზე, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადანაწილდება კვოტების მიხედვით. ველოდებით, რომ გარკვეული პოზიტიური შედეგები გვექნება", - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

შეგახსენებთ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება სავალდებოლო 2018 წლის 1 იანვრიდან გახდა.

ავტორი: ირმა კურტანიძე