არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს წითელი ჯვარი ჩამოასვენებს

2018-03-04 14:36:33

ქართველი სამხედროს, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში "წითელი ჯვარი" ჩამოასვენებს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

"დაგვიკავშირდნენ რუსეთის საპატრიარქოდან და გვაცნობეს, რომ მიიღეს არჩილ ტატუნაშვილის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი, რომელიც გადაუგზავნეს ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ რუსეთის პატრიარქს.

მისმა უწმინდესობა კირილემ განაცხადა, რომ, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის თხოვნით, უკვე ჩაერთო არჩილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს.

ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში  საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს." - აღნიშნულია განცხადებაში.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემაში დახმარების თხოვნით ილიამ მეორემ რუსეთის პატრიარქს რამდენიმე დღის წინ მიმართა.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის ციხეში გარდაიცვალა.

 

 

ავტორი: ირმა კურტანიძე