"მაგთის" აბონენტებს ტარიფები გაუძვირდათ

2018-03-02 11:34:02

ბოლო ორი დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ კომპანია "მაგთის" მიერ აბონენტთა ნაწილისთვის შეღავათიანი პირობების გაუქმებას.

კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ „მაგთის“ კორპორატიული აბონენტები 15 გბ მობილურ ინტერნეტს 5 ლარად ვეღარ იყიდან.

საჯარო სექტორში დასაქმებული პირები, რომლებსაც ე.წ კორპორატიული ნომრები აქვთ, 1 მარტამდე შეღავათებით სარგებლობდნენ. 1 მარტს კი ახალ ტენდერში გამარჯვებული კომანიები გამოვლინდნენ, ამავე დროს  ვადა გაუვიდა შემსყიდველ ორგანიზაციბთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს. შესაბამისად, 2018 წლის 2 მარტიდან შეწყდა წინა ტენდერის პირობებით მომსახურების მიწოდება და ახალი ტენდერის პირობებით გაგრძელდა.

2018-2019 წლებში საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს სატელეკომუნიკაციო მომსახურებას ტენდერში მონაწილე 3-ვე კომპანია „მაგთი“, „ჯეოსელი“ და „ბილაინი“ (შპს ვიონი საქართველო) გაუწევს.

ახალი ტენდერის პირობების თანახმად კი მომხმარებელს 5 000 MB ინტერნეტის ყიდვა 4.99 ლარად შეეძლება. გარდა ამისა, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები ოჯახის წევრებისთვის კორპორატიული ნომრის მიცემას ვეღარ შეძლებენ.

"თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული, კორპორატიულ ქსელში ჩართული მხოლოდ ერთი სააბონენტო ნომრით. თანამშრომელზე მეორე სააბონენტო (პირადი) ნომრის გაცემა შესაძლებელია სამსახურებრივი საჭიროებიდან და მოვალეობების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში." - აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

ხოლო, საჯარო მოსამსახურეების ოჯახის წევრების იმ სიმ ბარათებს, რომლებიც უკვე არიან ჩართული კორპორატიულ ქსელებში, ფიქსირებული სააბონენტო გადასახადი 50 თეთრით გაუძვირდებათ. ნომერი კი კორპორატიულ ქსელში დარჩება.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე