ხანძარი სავაჭრო ცენტრში

2018-02-27 14:44:41

თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ "თერგში" რამდენიმე საათია, ხანძრის ლიკვიდიზაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, თუმცა მეხანძრე მაშველები ჯერ კიდევ მუშაობენ მცირე კერების ჩასაქრობად.

ქალაქის მერი კახა კალაძე დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა. მისი თქმით, ადმინისტრაცია მზად არის, რომ ინდივიდუალურად გაიაროს ხელშეკრულება ყველა მოვაჭრესთან. თბილისის მერმა უარყო გავრცელებულ ინფორმაცია, რომ სამომავლოდ ობიექტი პროფილს შეიცვლის და მოვაჭრეებს მუშაობა შეეზღუდებათ.

„როგორც კი დასრულდება ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობა, დაიწყება დამწვარი ფართების აღდგენითი სამუშაოები. მანამდე ადამიანებს, ვისი საქონელიც გადარჩა, მიეცემათ შესაძლებობა გვერდით ფართებში გადანაწილდნენ, რათა გააგრძელონ საქმიანობა.",- განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძე ელექტრო სისტემების გაუმართაობას გამორიცხავს და ამბობს, რომ ადმინისტრაციის თქმით, რამდენიმე თვის წინ შეიცვალა ელექტროგაყვანილობები და სავაჭრო ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე გამართული ობიექტი იყო.

ამ დროისთვის  მოვაჭრეებს ბაზრის ტერიტორიაზე ჯერ არ უშვებენ. პერიმეტრზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ათობით სპეცმანქანა. სამართალდამცველებმა ბაზრიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს. სავაჭრო ცენტრ „თერგში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, „თერგის" ბაზრობაზე  ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 3 000 მ2-მდე ტერიტორია.