იმიჯის შელახვა თუ რეალური ბრალდება

2018-02-19 22:53:38

რუსთაველი პაციენტის ბრალდებამ რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. 34 წლის თამარ ციხისელი "ავერსის კლინიკის" რუსთავის ფილიალის გინეკოლოგს ორსულობის შეწყვეტაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ის 7 წლის ნანატრ შვილს ელოდა, ხოლო არაკვალიფიციური ექიმის წყალობით, რომელმაც მას არასათანადოდ უმკურნალა ორსულობა შეუწყდა. პაციენტი ექიმს კონკრეტულად ე.წ. "მუცლის გასამაგრებელი წამლების" დანიშვნასა და ორ თვიან უშედეგო მკურნალობაში ადანაშაულებს, რამაც საბოლოოდ გარე ორსულობა და მუცლის მოშლა გამოიწვია. თამარ ციხისელი ასევე აღნიშნავს რომ მას კლინიკაში, უშედეგო მკურნალობაში საკმაოდ დიდი თანხა გადაახდევინეს.

"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა "ავერსის კლინიკის" გინეკოლოგს შორენა ონიანს, რომელმაც აღნიშნული პაციენტის კლინიკაში ვიზიტი დაადასტურა. მისი თქმით, თამარი 2 წლის წინ იმყოფებოდა ვიზიტზე მასთან და მკურნალობა არა 2 თვე, არამედ 2016 წლის 26 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, 7 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ქალბატონმა მოგვმართა ორსულობის თაობაზე, მისი თქმით ორსულობის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. მას გაუკეთდა ექოსკოპია, რამაც არ დაადასტურა საშვილოსნოს ღრუში ორსულობა, რის შემდგომაც ჩავთვალე საჭიროდ პაციენტს ლაბორატორიული კვლევები ჩაეტარებინა. 26 თებერვლის ვიზიტის შემდგომ, დაენიშნა მეორე ვიზიტი, რათა გაერკვია პროგრესირებადი იყო თუ არა ორსულობა. გაირკვა, რომ ორსულობის პროცესი მიმდინარეობს თუმცა პაციენტს შესაძლო გართულებებზე ვაუწყეთ, რომ შეიძლება ეს ყოფილიყო მცირე ვადის ორსულობა, რომელიც საშვილოსნოს ღრმულში არ განვითარდა ან ეს იყო გარე ორსულობა. მას შემდეგ პაციენტს ჩვენთვის არ მოუმართავს.“

"ავერსის კლინიკის" რუსთავის ფილიალის მენეჯერმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელში მსგავსი ინფორმაციები მიზანმიმართულად ვრცელდება. ირმა ბაბუაძე აცხადებს რომ ცრუ ინფორმაციებით ცდილობენ კლინიკის იმიჯის შელახვას, ამიტომ იურისტები აუცილებლად ჩაერთვებიან აღნიშნულ საქმეში და დროულად მოხდება რეაგირება.

ავტორი: ნინა პარუნაშვილი