რითი მოიწამლნენ მე-16 სკოლის მოსწავლეები

2018-02-17 13:40:51

მე-16 სკოლის მოსწავლეების ინტოქსიკაცია არც სასმელ წყალს და არც საკვებ პროდუქტს არ გამოუწვევია. მომხდარი უკვე შეისწავლა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ.  "ჩვენმა სამსახურმა ოპერატიულად მოახდინა ფაქტზე რეაგირება, ავიღეთ  ნიმუშები საკვები პროდუქტის 7 სახეობიდან, რაც იმ დროისთვის სკოლის ბუფეტში იყო წარმოდგენილი, გაკეთდა მიკრობიოლოგიური კვლევა, რომლის თანახმადაც არსებობს დასკვნა სადაც წერია, რომ ბავშვები სკოლაში მიღებული საკვებით არ მოწამლულან -განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა მირანგულა ლიპარტელიანმა ინფო რუსთავთან საუბრისას .

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბავშვების ინტოქსიკაცია სასმელმა წყალმა გამოიწვია, კატეგორიულად უარყოფს კომპანია რუსთავის წყლის გენალური დირექტორის პირველი მოადგილე. ''გამოირიცხა წყლით მოწამლის ფაქტი რადგან, ლაბორატორიის წარმომადგენლებმა სინჯი აიღეს როგორც შიდა ასევე, ცენტრალური ქსელიდან და ანალიზის პასუხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს . ლაბორატორიული ანალიზის შედეგად შემიძლია განვაცხადო, რომ რუსთავის მე-16 სკოლაში ბავშვების შეუძლოდ გახდომის მიზეზი სასმელი წყალი არ არის'' -განაცხადა თეიმურაზ ჯანელიძემ .

ამ ეტაპზე უცნობი რჩება რამ გამოიწვია მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეების ინტოკსიკაცია. შეგახსენებთ, რომ 8 თებერვალს, 15 მოსწავლე ერთდროულად შეუძლოდ გახდა.