თანამდებობის პირების შრომითი ანაზღაურება

2018-02-11 13:05:07

„ინფო რუსთავმა“ ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციას წერილობით მიმართა და გამოითხოვა ინფორმაცია თუ რა ოდენობის თანხა მიიღო გუბერნატორმა და მისმა მოადგილეებმა თანამდებობაზე დანიშვნიდან 2017 წლის ბოლომდე. ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიზემ გასული წლის 21 მაისს წარადგინა. ივნისის თვიდან წლის ბოლომდე (7 თვე) გუბერნატორს პრემია მხოლოდ ერთხელ აქვს აღებული და ისიც წინასაახალწლოდ, სამაგიეროდ ყოველთვე იღებდა დანამატს, რაც ხელფასის ოდენობის ტოლფასია. დანამატი ყველა თვეში აიღეს გრიგოლ ნემსაძის მოადგილეებმაც, თუმცა ხელფასის ოდენობის არ ყოფილა, პრემია მათაც მხოლოდ წინასაახალწლოდ გამოიწერეს.

გუბერნატორის თანამდებობრივი სარგო ყოველთვე/ხელფასი იყო 2950 ლარი, იგივე ოდენობის დანამატი, ხოლო პრემია წლის ბოლოს 2065 ლარს შეადგენდა. ჯამში გამოდის რომ გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ 7 თვეში ხელფასის, დანამატის და პრემიის სახით მიიღო 43 084 ლარი. მისი პირველი მოადგილე ალექსანდრე მეტრეველი ხელფასის სახით იღებდა 2360 ლარს, დანამატის სახით 5 თვის მანძილზე აღებული აქვს 1416 ლარი ხოლო ოქტომბერში 1352 და ნოემბერში 1349 ლარი, ამას დამატებული საახალწლო პრემია 2124 ლარი. ჯამში მან 7 თვის მანძილზე ხელფასის, დანამატის და პრემიის სახით მიიღო 28 425 ლარი. გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე ხელფასის სახით ყოველთვე იღებდა 2250 ლარს, ხოლო დანამატის სახით 1350 ლარს, მხოლოდ სექტემბერში აიღო დანამატის სახით 1029 ლარი, ხოლო სააახალწლო პრემია 2025 ლარს შეადგენდა. ჯამში მან 7 თვის მანძილზე ხელფასის, დანამატის და პრემიის სახით მიიღო 26 904 ლარი. გუბერნატორის კიდევ ერთმა მოადგილემ ზაურ დარგალმა ხელფასის სახით ყოველთვე აიღო 2250 ლარი, ხოლო დანამატის სახით 1350 ლარს, მხოლოდ ოქტომბერში აიღო დანამატის სახით 430 ლარი, ხოლო სააახალწლო პრემია 2025 ლარს შეადგენდა. ჯამში მან 7 თვის მანძილზე ხელფასის, დანამატის და პრემიის სახით მიიღო 26 305 ლარი.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 იანვრის #43 დადგენილებით კი განისაზღვრა რომ გუბერნიის თანამშრომლები დანამატს და პრემიას აღარ აიღებენ, რადგან ეს უკანასკნელი ხელფასთან ერთად გაერთიანდა.