კონკურსი რუსთავის საიუბილეო ლოგოს შექმნაზე

2018-01-27 12:05:44

რუსთავის მერიამ რუსთავის 70 წლის საიუბილეო ლოგოს შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსის პირობების თანახმად, ლოგოს პროექტის შესრულება დასაშვებია მხოლოდ კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით, უნდა იყოს ორიგინალური/ანალოგის არმქონე, შინაარსობრივად ადვილად აღქმადი და დასამახსოვრებელი, მასში უნდა იყოს გამოყენებული რიცხვი 70 და მარტივად უნდა თავსდებოდეს ნებისმიერ საბრენდო პროდუქციაზე..

ტექნიკური თვალსაზრისით, ლოგო უნდა იყოს მარტივად გამოსაყენებელი, დასამუშავებელი, შესაძლებელი უნდა იყოს ზომის ცვლილება, მანიპულირება ნებისმიერი რეპროდუქციის მიზნით, მათ შორის ვიდეოწარმოებაში.
დამკვეთი იტოვებს უფლებას კონკურსში გამარჯვებული ლოგოს ფერებში შეიტანოს ცვლილებები შემსრულებელთან შეთანხმებით.
თავდაპირველად მასალა უნდა იყოს წარმოდგენილი JPEG და PNG ფაილის სახით, შემდგომ კი ვექტორულ გრაფიკულ ფორმატში.

"კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს16- დან 35წლამდე, გარდა საკონკურსო კომისიის წევრებისა, კონკურსი ტარდება ერთ ტურად, კონკურსის სამუშაო ენაა ქართული, კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ სამი ავტორის მონაწილეობის შემთხვევაში.
კონკურსთან დაკავშირებით, ყველა დამატებით საკითხზე ინფორმაციას იძლევა კონკურსის კოორდინატორი მამუკა ჯახუა საკონტაქტო ნომერი - 593 62 66 46
" - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

საუკეთესო ლოგოს ავტორი 2018 წლის15 თებერვალს გამოვლინდება და მას 1000 ლარი გადაეცემა.

კონკურსანტმა საკონკურსო პროექტის ელექტრონული ვერსია მოკლე შინაარსობრივ აღწერა-დასაბუთებასთან ერთად ელექტრონულ ფოსტაზე: rustavi70@rustavi.gov.ge უნდა გააგზავნოს. გაგზავნისას სათაურის ველში უნდა მიეთითოს კონკურსის დასახელება და ავტორის/ავტორების სახელი/სახელები და გვარი/გვარები;
საკონკურსო პროექტების ელექტრონული ვერსიის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 10 თებერვალი.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე