"მკვლელობას წინ უძღოდა კამათი" [video]

2018-01-21 20:10:16

ე.წ სტამბულის ბაზრის დირექტორი, მამუკა ცხოვრებაძე გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობაში ერთერთი მთავარი მოწმეა. ბაზრის დირექტორი დღის დეტალებს იხსენებს და "ინფო რუსთავთან" საუბარში ჰყვება: „დაახლოებით, 16:20 საათზე გავედი ოფისიდან, ოფისში დავტოვე 1 თანამშრომელი, გავაფრთხილე და წავედი. სოსომაც მითხრა, რომ სახლში წავიდოდა.“ მამუკა ცხოვრებაძის თქმით, ის ოფისში, დაახლოებით, 16:50 საათზე დაბრუნდა და სწორედ მაშინ ნახა გარდაცვლილი გენერალი. „როგორც ჩანს და ირკვევა, სოსო პროდუქტის სავაჭრო ანგარში იყო და სავარაუდოდ, იქიდან წამოსულს შეხვდა ნაცნობი და ნაცნობთან ერთად შემოვიდა კაბინეტში.“ ცხოვრებაძის ვარაუდით, ეს პიროვნება ქუთათელაძესთვის კარგად ნაცნობი ადამიანი იყო, რადგან, მისი თქმით, სხვაგვარად ოფისში არ შეიყვანდა. ბაზრის დირექტორის აზრით, ქუთათელაძის კაბინეტში შესვლიდან, მკვლელობამდე დროის იმდენად მცირე შუალედი იყო, რომ აღნიშნული პიროვნების გარდა სხვა კაბინეტში შესვლას ვერ მოასწრებდა. მამუკა ცხოვრებაძე არ გამორიცხავს იმას, რომ, შესაძლოა, მკვლელობას წინ უძღოდა შელაპარაკება და ფიზიკური შეხება.

როგორც ბაზრის დირექტორმა განაცხადა, ქუთათელაძეს წილებთან დაკავშირებით არანაირი უთანხმოება არ ჰქონდა. კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციასაც, თითქოს გარდაცვლილი ყოველთვიურად ურიცხავდა თანხას გარკვეულ პირებს: „მე პასუხს ვაგებ გასული და შემოსული თანხის თითოეულ თეთრზე.“ ასევე ამბობს, რომ მას და მოკლულ გენერალს შორის უთანხმოება არ არსებობდა. შეგახსენებთ რომ მკვლელობა 15 იანვარს მოხდა.

მამუკა ცხოვრებაძემ "ინფო რუსთავს" ისიც განუცხადა, რომ, მისი აზრით, გამოძიება სწორ გზას ადგას. ნახეთ ვიდეო.