რა ცვლილებას გეგმავს Facebook-ი

2018-01-20 11:29:15

Facebook-ზე სანდო საინფორმაციო წყაროებს მომხმარებლები თავად გამოავლენენ. ამის შესახებ ინფორმაციას მარკ ცუკერბერგი ფეისბუქის პირად გვერდზე ავრცელებს. ფეისბუქი წყაროს სანდოობის გამოსავლენად მომხმარებლების გამოკითხვისას მიღებული ხმების რაოდენობას გამოიყენებს, რომლის მიხედვითაც მაღალი სანდოობის მქონე წყაროს სიახლეები სათავეში მოხვდებიან.  „თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან ბევრი სენსაცია, დეზინფორმაცია და პოლარიზაციაა. სოციალური მედია საშუალებას აძლევს ხალხს იმაზე სწრაფად გაავრცელონ ინფორმაცია ვიდრე ოდესმე.“ - აცხადებს ცუკერბერგი.

ცუკერბერგმა განცხადებაში იმ ცვლილებაზეც ისაუბრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაანონსა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამჟამად ახალი ამბები მომხმარებელთა სიახლეების 5%-ს შეადგენს, სამომავლოდ კი ის 4%-მდე დაიწევს და მომხმარებელი უფრო ხშირად ახლობლების და მეგობრების პოსტებს ნახავს.

ცუკერბერგის თქმით, სანდო წყაროების შესახებ გამოკითხვა მომავალი კვირიდან დაიწყება.