რუსთავში საბავშვო ბაღი აშენდა

2018-01-18 18:29:00

ცურტაველის ქუჩაზე ძველი ბაღის დემონტაჟის შემდეგ, ახალი  თანამედროვე სტანდარტების ბაღი აშენდა, რომელიც ექვს სააღმზრდელო ჯგუფსა და 230 ბავშვზეა გათვლილი. რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალაშენებული მე-10 საბავშვო ბაღი დაათვალიერეს. 

ქალაქის მერმა ბაღის განვითარების სამომავლო გეგმებსა და ბავშვების მიღების პირობებზე გაამახვილა ყურადღება.

„ბაღის ექსპლუატაციამდე საჭიროა, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ სამუშაოები უსაფრთხოების ყველანაირი ზომის დაცვით ჩატარდა. მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად იზრუნებს ბაღში ინვენტარის შემოტანაზე.  ბაღში ბავშვების მიღების დროს არ  მოხდება განზოგადება იმისა, თუ ვინ რომელ უბანში ცხოვრობს. თუმცა ჩარიცხვის პროცესში უპირატესობა მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს მიენიჭებათ. ყურადღება მიექცევა რეგისტრაციის სიას, ვინ უფრო დროულად შემოიტანა განაცხადი მიღებაზე.“,-განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

მე-10 საბავშვო ბაღის მშენებლობა 2017 წლის იანვარში დასრულდა.  პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. ბაღის მშენებლობისთვის 1 078 222 ლარი დაიხარჯა.