თურქეთი საზღვრის კვეთის რეგულაციებს ამკაცრებს

2018-01-12 11:19:47

თურქეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლის სიხშირის კონტროლი გამკაცრდა. 1 იანვრიდან მოქალაქე, რომელიც თუნდაც ერთი საათით გადაკვეთს თურქეთის საზღვარს, მეზობელ ქვეყანაში ერთდღიან ვიზიტად ჩაეთვლება. ინფორმაციას თურქეთის საკონსულოში ადასტურებენ. საკონსულოს ინფორმაციით, 1 იანვრამდე რამდენიმე საათით საზღვარზე გადასული მოქალაქის ვიზიტი არ ითვლებოდა და შესაბამისად არ აკლდებოდა უვიზოდ სარგებლობის 90 დღიან უფლებას. აღნიშნული გადაწყვეტილება ვრცელდება თურქეთის ყველა გამტარ პუნქტზე და ეხება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

წლის განმავლობაში, მაქსიმუმ 90-ჯერ საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში (მინიმუმ ერთხელ თუ თურქეთის ტერიტორიაზე 90 დღეს დაჰყოფთ) თქვენ დაგჭირდებათ ოფიციალური ბინადრობის უფლების მოპოვება. "ბინადრობის ნებართვის გარეშე 365 დღის განმავლობაში თურქეთში ყოფნა შესაძლოა კანონსაწინააღმდეგო ქმედების მიზეზი გახდეს'' - წერია საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაინტერესდა იმ მოქალაქეების მოსაზრებებითაც, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ ყოველდღიურად გადადიან, დღის ბოლოს კი უკან ბრუნდებიან. ისინი პროცესებს ნეგატიურად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება. "მშიერი დავიხოცებით, ყველაფერი გაძვირდა. ამ ხალხს ახლა სჭირდება დახმარება. დღეს გავიგე ეს ინფორმაცია, ძალიან მეწყინა, საბაჟოზე განცხადება უკვე გამოკრულია. ეს არის ჩვენი შემოსავლის წყარო" - გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ. 

წყარო: ajaratv.ge