თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა

2018-01-10 11:54:55

პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა. ის თითქმის ორი კვირის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ექიმის განცხადებით, ახალგაზრდის მდგომარეობა გამთენიისას დამძიმდა, მას გული ოთხჯერ გაუჩერდა. მიუხედავად მცდელობისა, თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სიკვდილი დილის 8 საათზე დაფიქსირდა.

მაჩალიკაშვილის მიღებაზე გერმანიის და ავსტრიის კლინიკებმა უარი განაცხადეს. უახლოს დღეებში მისი გადაყვანა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში იგეგმებოდა.

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს, პანკისში, ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს მაჩალიკაშვილმა სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. თემირლან მაჩალიკაშვილმა დაზიანება თავის არეში მიიღო. აღნიშნული ინციდენტის გამო პროკურატურამ გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე დაიწყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ ისნის სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულებთან.