რატომ იგვიანებენ სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟები გამოძახებებზე.

2016-12-19 17:04:13

მაინტერესებს მიზეზი რის გამოც სასწრაფო შეიძლება გამოიძახო და დაგირეკონ და გითხრან რომ არ ყავთ პედიატრი და თქვენ თვითონ გადაიყვანეთ ბავშვი, ვერ მოვალთო“- მსგავსი შინაარსის წერილით, „ინფო რუსთავს“ რამდენიმე ადამიანმა მომართა. გვერდის მომხმარებლები გვატყობინებენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟი მათთან რამდენიმე საათის დაგვიანებით მიდის. „ინფო რუსთავი" რეგიონული სასწრაფო სამედიცინო  დახმარების ცენტრის, სამედიცინო მომსახურების, ხარისხის და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსს ამირან გოგიტიძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, მწვავე რესპირატიული დაავადებების მატებისა და გახშირებული გამოძახებების გამო,  დაგვიანებებს ადგილი მართლაც აქვს, თუმცა ეს ხდება მაშინ როდესაც ეკიპაჟი ნაკლებად მძიმე პაციენტთან მიდის, გადაუდებელ დახმარებებზე კი ბრიგადები ოპერატიულად რეაგირებენ. ამირან გოგიტიძის განცხადებით, გამოძახებების რიცხვმა ბოლო ათი დღის განმავლობაში საგრძნობლად იმატა. რუსთავის სასწრაფო დაწესებულებაში, 24 საათის განმავლობაში 140-მდე ზარი ფიქსირდება. რუსთავის ბრიგადებს, გამოძახებების შესრულებაში, უკვე რამდენიმე კვირაა კოდისა და გარდაბნის ეკიპაჟები ეხმარებიან. გამოძახებების რიცხვის დასარეგულირებლად, ამირან გოგიტიძე  მოსახლეობას, სიცხეებისა და სურდოს შემთხვევაში ოჯახის ექიმთან ვიზიტისკენ მოუწოდებს.