ალილო რუსთავში

2018-01-07 15:49:04

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ალილოს მსვლელობა გაიმართა. სასულიერო პირებმა, სტიქაროსნებმა და ეკლესიის მრევლმა ქალაქის ქუჩებში სიმღერით მიულოცეს ქრისტეშობა მოსახლეობას. საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის ტაძრიდან დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში მეგობრობისა და მესხიშვილის ქუჩებზე  ანსამბლმა „გორგასალმა“ შეასრულა ქართული ნაციონალური სიმღერები და საცეკვაო ნომრები. ალილოს მსვლელობას ესწრებოდა ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, რომელმაც რუსთაველებს შობის დღესასწაული მიულოცა. (გაგრძელება იხილეთ ქვემოთ)


„მინდა, რუსთაველებს მივულოცო ნამდვილად ბრწყინვალე დღესასწაული - შობა. ვუსურვო მათ ღვთის წყალობა. სიკეთისა და ბედნიერების წელი ჰქონდეს თითოეულ რუსთაველს. გაიხაროს და გაბედნიერდეს რუსთავი და რუსთაველები.“,- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთაველებს შობის დადგომა მიულოცა მამა დიმიტრიმ და მრავალი სასიხარულო დღის უსურვა მოსახლეობას.

„ქრისტეს მიერ ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ ჩვენი უფლის, ქრისტეს, ხორციელ შობას. ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალს დაგასწროთ.“,- აღნიშნა მამა დიმიტრიმ.

შეგახსენებთ, რომ ალილოს მსვლელობაზე შეგროვებულ ტკბილეულსა და ხილს გადასცემენ მრავალშვილიან და  სოციალურად დაცუველ ოჯახებს, ასევე მოხუცთა თავშესაფარს. რუსთავის ქუჩებში შობის დღესასწაულის აღსანიშნად  მიმდინარეობს მსვლელობა, მსგავსი ღონისძიება გაიმართა საქართველოს არაერთ ქალაქში.