პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

2018-01-07 12:02:51

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეშია ღნიშნულია, რომ ქვეყანაში ისეთი ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს შემუშავებული, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს. "აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით. ამასთან, უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, სასკოლო ასაკიდანვე უნდა მოხდეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და გატარდეს სხვა ღონისძიებები". (გაგრძელება იხილეთ ქვემოთ)


საშობაო ეპისტოლე - "ქრისტიანად ყოფნა ნიშნავს ისეთი თვისებების ქონასაც, როგორიცაა, ერთი მხრივ, თავმდაბლობა, მეორე მხრივ, – უშიშრობა და სხვისთვის თავგანწირვა; ერთი მხრივ, გულწრფელობა და უბოროტობა, მეორე მხრივ, – სიბრძნე და გონიერება, სხვისი აზრის მოსმენისა და და უმჯობესის გამორჩევის უნარი.როდესაც ვუყურებთ ჩვენს თანამედროვე მდგომარეობას, ერთგვარი შიში და უკმაყოფილება გვიპყრობს, რადგან ქრისტიანული წესით ცოტა ცხოვრობს და ეკლესიის მაცხოვნებელ საოცარ წიაღს მოწყვეტილნი, ვითარცა ხის ნაფოტნი და ვაზის ნასხლევნი, სიცოცხლეს კარგავენ.

ახალს არაფერს ვიტყვით, თუ აღვნიშნავთ, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და კაცობრიობის დღევანდელი მდგომარეობა მეტად მძიმეა. პიროვნება უფსკრულის წინაშე აღმოჩნდა და ღვთის მადლის გარეშე დარჩენილს, აღარ ძალუძს, თავი დააღწიოს შექმნილ მდგომარეობას; ინგრევა ოჯახები, უმეთვალყუროდ რჩებიან ბავშვები; გამეფდა სიცრუე, ამპარტავნება, გაუტანლობა, ეგოიზმი, შური და ღვარძლი; ადამიანი ცდილობს, გაექცეს ამ რეალობას, მაგრამ გზააბნეული ხსნას ძირითადად ნარკოტიკის მოხმარებაში ხედავს, რითაც მდგომარეობას კიდევ უფრო ირთულებს".