მაგთის განცხადება და კომისიის პასუხი

2018-01-05 18:51:14

სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომმა“ რამდენიმე დღის წინ მომხმარებელს ინტერნეტმომსახურების საფასური გაზარდასთან დაკავშირებით შეატყობინა, რასაც აბონენტთა უკმაყოფილება მოჰყვა. დღეს კომპანიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და განმარტა, თუ რის გამო მიიღო ინტერნეტპაკეტებზე  ფასის გაზრდის გადაწყვეტილება. კომპანია ფასების გაზრდას ლარის კურსის და დენის ტარიფის ცვლილებას უკავშირებს. (ვრცლად განცხადება იხილეთ ქვევით)

განცხადებას განცხადებით პასუხობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ინტერნეტპაკეტზე ფასების ზრდის საჭიროება  რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გათვალისწინებით არ არსებობდა.


„2018 წლიდან შპს „კავკასუს ონლაინმა“ შპს „მაგთიკომს“ საბითუმო ინტერნეტის მომსახურებაზე ტარიფი გაუნახევრა; საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში, მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე დაკისრებული აქციზის გადასახადი მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო 2018 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად, მიღებულ იქნა ისეთი გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც მობილურ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ“ - აღნიშნავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

საკითხში სრულყოფილად გარკვევის მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მობილური ოპერატორის მიერ ტარიფების გაძვირების მიზეზებს შეისწავლის.

"მაგთის" განცხადება სრულად - "ბოლო წლების განმავლობაში მაგთიკომმა მრავალმილიონიანი ინვესტიციები განახორციელა ტექნოლოგიების დანერგვისა და ქსელის უწყვეტი განვითარების კუთხით. მაგთიკომი უახლესი ტექნოლოგიებით არის წარმოდგენილი მთელს საქართველოში, როგორც დიდ ქალაქებში, ისე რთულად მისადგომ ადგილებში, მაღალმთიანი და სასაზღვრო რეგიონების ჩათვლით, სადაც რიგ შემთხვევებში, ერთი-ორი ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ კავშირი ყველასთვის და ყველგან უზრუნველყოფილია.

საქართველოში ოპერატორებს რთულ პირობებში უწევთ ოპერირება. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე იჯარის საფასური ოპერატორებისთვის ბევრად მაღალია, ვიდრე იჯარის საბაზრო ფასი. 2017 წელს გაიზარდა მეტროსადგურების გვირაბებში კაბელის გატარების საფასური. ვალუტის კურსის ცვლილება, ინფლაცია და დენის ტარიფის ცვლილება პირდაპირპროპორციულად აისახება კომპანიების დანახარჯებზე.

დღეს ქვეყანაში მობილურ მომსახურებაზე საკმაოდ დაბალი ტარიფებია. შესაბამისად, კომპანიის მიერ მობილური ინტერნეტის მიწოდების ხარჯი და მომსახურებისგან მიღებული შემოსავალი ვერ აბალანსებს ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, სერიოზული საფრთხის წინაშე დგება ქვეყანაში მობილურ ინტერნეტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება, იზღუდება როგორც კომპანიის, ისე ქვეყნის ტექნოლოგიური წინსვლა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, საჭიროა ტარიფები იყოს ადეკვატური, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში და სრულ შესაბამისობაში მოდიოდეს მოქმედ კანონმდებლობასთან."