რუსთავი 70 წლის ხდება

2018-01-02 11:45:11

2018 წელს რუსთავი 70 წლის ხდება. იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებასა და სამომავლო გეგმებზე  „ინფო რუსთავთან“ ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ისაუბრა.
„ჩემი მიზანი და სურვილია, მაქსიმალურად ორგანიზებული ღონისძიება ჩავატაროთ. ალბათ, დამეთანხმებით, რუსთაველების ჩართულობა საიუბილეო ღონისძიებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენს ქალაქში იმდენი ღვაწმოსილი ადამიანია, იმდენი ნიჭი და სიკეთეა, რომ მათი გაერთიანების გარეშე ღონისძიების შექმნა ძალიან გაგვიჭირდება. (გაგრძელება იხილეთ ქვემოთ).


ჩემი მხრივ მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს მაქსიმალური აქტიურობისკენ, რათა საბოლოო ღონისძიება იყოს ყველასთვის დასამახსოვრებელი. აქცენტები ძირითადად გაკეთდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ქალაქთან კავშირს გრძნობენ, მასთან ახლოს არიან, შეიძლება, ამ დროისთვის რუსთავში არ ცხოვრობდნენ, მაგრამ ამის სურვილი ნამდვილად ჰქონდეთ. ვიმედოვნებ, რომ ღონისძიებას დიდი გამოხმაურება ექნება“,- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის დაარსების ოფიციალური თარიღი 1948 წელია და მიმდინარე 2018 წელს რუსთავი 70 წლის გახდება, ღონისძიება სავარაუდოდ რუსთავქალაქობას სექტემბერში აღინიშნება.