ელექტროენერგიის საფასური იზრდება

2017-12-27 17:28:35

ელექტროენერგიის საფასური თბილისის გარდა რეგიონებშიც გაიზარდა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფზე სემეკმა დღეს იმსჯელა და მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციული სექტორებისათვის ელექტროენერგიის ფასი კილოვატ საათზე 1,28 თეთრით მოიმატებს. ტარიფის გაზრდის მიზეზად საინვესტიციო გეგმებს ასახელებენ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყეტილებით, ცვლილებას 13 ენერგეტიკული საწარმო განახორციელებს. კომისიის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო სექტორში შემდეგი ტარიფი დადგინა: 101 კილოვატ საათის ჩათვლით, სამომხმარებლო ტარიფი 16.931 თეთრის ნაცვლად, 18.21366 თეთრით, 301 კილოვატი საათიდან კი ტარიფი ნაცვლად 21.450 თეთრისა, 22.73266 თეთრით განისაზღვრა.

რაც შეეხება კომერციულ სექტორს, 110-35 კვ ძაბვის საფეხურის აბონენტები ერთ კვტ. სთზე 14.860 თეთრს გადაიხდიან, 10-6-3.3 კვ ძაბვაზე - 16.251 თეთრს, ხოლო 0.4 კვ-ზე - 21.083 თეთრს.

ახალი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ელი იანვრიდან შევა და 3 წლის განმავლობაში, 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

სემეკი წყალმომარაგების ტარიფთან დაკავშირებით ხვალ იმსჯელებს.