მკვლელობა მესტიაში

2017-12-25 16:12:53

მესტიაში მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. შემთხვევა, დაახლოებით, დღის 3 საათისთვის მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით საკრებულოს წევრი ლ.ნ მოკლეს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა საკრებულოს დეპუტატსა და მის ერთ-ერთ ნათესავს შორის დავა წლების წინ დაიწყო.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ მესტიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს დაბა მესტიაში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი კონფლიქტის საფუძველზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, 1978 წელს დაბადებულმა მ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მესტიის საკრებულოს წევრს, 1968 წელს დაბადებულ ლ. ნ.-ს მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ.ნ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

მ.ნ.-ს დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.