რუსთავში ქალების ავტობუსების მძღოლებად გადამზადების კურსებზე მიღება იწყება

2024-04-23 14:41:30

რუსთავის ავტოტრანსპორტის საწარმო ქალების ავტობუსების მძღოლებად გადამზადების მოკლევადიან კურსებზე მიღებას იწყებს.

პროგრამა, რომელიც რუსთავის მერიისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომლობით ხორციელდება, ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება.

სასწავლო კურსი ნებისმიერ დაინტერესებულ რუსთაველ  ქალბატონს შეუძლია გაიაროს და შედეგად D კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღოს.

"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად რუსთავში ვიწყებთ ძალიან საინტერესო პროექტს. ეს არის ახალი შესაძლებლობა ქალებისთვის, რომ მათ შეძლონ ავტოსატრანსპორტო საწარმოში დასაქმება. ქალბატონები გაივლიან გადამზადებას, რაც ყველაზე მთავარია მიიღებენ ახალ ცოდნასა და კვალიფიკაციას. როდესაც გენდერულ თანასწორობაზე და გაძლიერებაზე ვსაუბრობთ, ყველაზე მთავარია მათი ეკონომიკური გაძლიერება, რასაც ემსახურება ჩვენი ერთობლივი პროექტი.

შევეცდებით ბანკთან ერთად ეს არ იყოს ერთჯერადი და გავაგრძელოთ თანამშრომლობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ ამ პროექტში. გვაქვს გარკვეული რესურსი, ახლა ჯერია რუსთაველ ქალბატონებზე. მათ, ვისაც აქვს სურვილი, რომ ჩაერთოს, სადაც ძალიან კარგ გამოცდილებას მიიღებენ ცოდნასთან ერთად, შეძლებენ, რომ მართონ ჩვენი მუნიციპალური ტრანსპორტი. უკვე ორი ქალბატონი მართავს წარმატებით ჩვენს ახალ ავტობუსებს და დარწმუნებული ვართ, რომ რაოდენობა არ არის შეზღუდული და რაც შეიძლება მეტ ქალს მივცეთ ის შესაძლებლობა, რომელიც დასაქმებასა და ეკონომიკურ გაძლიერებას გულისხმობს",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

კურსის დასრულების შემდეგ, პროექტში ჩართულ ქალბატონებს, საშუალება ექნებათ, ავტობუსის  მძღოლის D კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზეც გავიდნენ და მართვის მოწმობა აიღონ.

ახალი პროფესიის დაუფლების შემდეგ, პროექტში ჩართულ ქალბატონებს, სატრანსპორტო სფეროში დასაქმების შესაძლებლობა გაუჩნდებათ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები