რამდენი უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებელი ასწავლის რუსთავის სკოლებში

2024-03-13 15:00:56

რუსთავის საჯარო სკოლებში ამჟამად 132 უფროსი, 331 წამყვანი და 33 მენტორი მასწავლებელია დასაქმებული. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" მასწავლებელთა სახლიდან მიაწოდეს.

დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის განმავლობაში, რუსთავის საჯარო სკოლებში სტატუსი აიმაღლა 80-მა მასწავლებელმა. აქედან, 69-მ წამყვანის, 11-მა კი მენტორის სტატუსი მოიპოვა.

ამასთანავე, მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ყველაზე დაბალი, პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელი რუსთავში მხოლოდ ერთია.

"მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისი №241 დადგენილების, მე3 მუხლის, "ბ" პუნქტის მიხედვით, სქემა განსაზღვრავს მასწავლებლის შემდეგ სტატუსებს:

პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები. ამავე დადგენილების 41-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად, პრაქტიკოსი მასწავლებლების სტატუსს 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე ინარჩუნებენ მხოლოდ არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პედაგოგები. ამჟამად, რუსთავის საჯარო სკოლის აზერბაიჯანული სექტორზე დასაქმებულია მხოლოდ ერთი პრაქტიკოსი მასწავლებელი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც რუსთავის რესურსცენტრში განგვიცხადეს, ქალაქის სკოლებში ასწავლიან სტატუსგარეშე მასწავლებლებიც. რესურსცენტრის ხელმძღვანელის, თამარ ხეჩიკაშვილის თქმით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაკანტური ადგილი არ ივსება სტატუსიანი მასწავლებლით.