ბაქტერია ბავშვთა კვების პროდუქტში

2017-12-12 12:20:49

კომპანია Lactalis-ის ბავშვთა კვების პროდუქტებში, მათ შორის Celia-ს, Milumel-ის და Picot-ის ნაწარმში, სალმონელას ბაქტერია აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

ფრანგული კომპანიის პროდუქცია ექსპორტზე საქართველოში, ჩინეთში, ტაივანში, პაკისტანში, ერაყში, მაროკოში, ლიბანში, სუდანში, რუმინეთში, სერბეთში, საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში გადის.

საფრანგეთში ჩვილებში სალმონელას ბაქტერიის გავრცელების 26 შემთხვევა დაფიქსირდა, ამიტომ ფრანგულმა კომპანიამ სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან პროდუქციის პარტიების უკან გაიტანის გადაწყვეტილება მიიღო.

სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, საუბარია დაახლოებით 7700 ტონაზე. კომპანია Lactalis-ი ბოდიშს იხდის შექმნილი სიტუაციის გამო, თანაგრძნობასა და მხარდაჭერას უცხადებს დაავადებული ბავშვების ოჯახებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ ფაქტთან განცხადებას ავრცელებს "სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მიიღო შეტყობინება საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში „სალმონელას“ შესაძლო არსებობის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ატარებს. მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის პროცესი." - აღნიშნულია განცხადებაში.