მუზეუმი გამოძახებით

2017-12-10 21:59:19

თბილისში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა, ეს არის პორტატული მუზეუმი, რომელიც ჩემოდანშია მოთავსებული. ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას მომხმარებელს შეუძლია, გამოიძახოს მუზეუმის და კურატორები, მოუყვებიან მათ 80-იანი წლებიდან 2017 წლამდე ხელოვნების ნიმუშებზე. მუზეუმის კოლექციაში მოთავსებულია 30-მდე ნამუშევარი. ბილეთის ღირებულება კი 5 ლარია.

„ინფო რუსთავი“ დაუკავშირდა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ერთ-ერთ დამფუძნებელს, მარიამ ნატროშვილს, რომელმაც ყურადღება მუზეუმის შექმნის უნიკალურ იდეაზე გაამახვილა.

„თანამედროვე ხელოვნების შესახებ კურატორები ფოტო და ვიდეონამუშევრების საშუალებით ვუყვებით დაინტერესებულ ადამიანებს, ეს პროცესი დაახლოებით 2 საათი გრძელდება. უშუალოდ მივდივართ  სკოლებში, სახლებსა თუ სხვა დაწესებულებაში. 2 კვირაა, რაც მუზეუმი გაიხსნა და უკვე მომხმარებელთა ფართო სეგმენტი გვყავს. გამომდინარე იქიდან, რომ მუზეუმით დაინტერესებულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება, ვეცდებით, რომ კიდევ უფრო მეტი განყოფილება  დავამატოთ მუზეუმში. ეს მხოლოდ პირველი ეტაპია, წინ კიდევ უფრო მეტი გეგმაა.“

აღსანიშნავია, რომ თანხა, რომელსაც დაინტერესებული ადამიანები მუზეუმის კოლექციის გასაცნობად იხდიან, ხმარდება ამავე მუზეუმის კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობას.