ინფრასტრუქტურული სამუშაოები გარდაბანში

2017-11-27 16:06:09

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი - რამაზ ბუდაღაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან ერთად, სოფელ ხაშმში ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტს გაეცნენ და სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე შეაფასეს.



პროექტის დასრულების შემდეგ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს: ახალსოფელს, ნორიოს, ვაზიანს, ახალ სამგორს და მარტყოფს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. 

ამ ეტაპზე  მიმდინარეობს სატენი სადგურისა და შემკრები კოლექტორის  მშენებლობა, გზების   მოხრეშვა და   500 ტონიანი  მოცულობის   რეზერვუარის მოწყობა. უკვე გაკეთებულია  ერთი ბეტონის და ოთხი მიწის წყალგამყვანი არხი.

 პროექტი გარდაბნის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 22 მილიონ ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპისთვის,  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარია გამოყოფილი.