ფეკალური დაბინძურების მაჩვენებელი ნახევარფაბრიკატების საწარმოში

2017-11-21 19:45:23

რუსთავის ერთ-ერთ მაღაზიაში გაყინულ ხინკალში ჰიგიენური ინდიკატორის ნორმის გადაჭარბება დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას momxmarebeli.ge ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მე-16 მიკრორაიონში მდებარე საწარმო-მაღაზია "კამას" გაყინული ხინკალი momxmarebeli.ge-ს წარმომადგენლებმა ბოლოს 7 ნოემბერს შეიძინეს და ლაბორატორიაში გადააგზავნეს მიკრობიოლოგიური პარამეტრების შესამოწმებლად.
მიღებული შედეგების თანახმად, პროდუქტში გადაჭარბებული მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმების რაოდენობა აღმოჩნდა, რაც, სავარაუდოდ, იმის მანიშნებელია რომ საწარმოში ჰიგიენური პირობები არ გამოსწორებულა.

momxmarebeli.ge აღნიშნული საწარმოს პროდუქციით ივლისის თვეში დაინტერესდა.
"2017 წლის 25 ივლისს მომხმარებელმა ტელეფონზე დაგვირეკა და გვთხოვა რუსთავში, მე-16 მ/რ-ის მიმდებარე ტეროტრიაზე მდებარე საწარმო-მაღაზია „კამას“ გაყინული ხინკალი შეგვემოწმებინა. მომხმარებლის ცნობით, ხინკალმა მის ოჯახში ოთხი ადამიანი მოწამლა.

2017 წლის 1 აგვისტოს მომხმარებლის მიერ მითითებულ მაღაზიაში შევიძინეთ გაყინული ხინკალი ცალობით. პროდუქტი მაღაზიის შეფუთვიანად მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკში და ჩაბარდა ლაბორატორიაში მიკრობიოლოგიური ანალიზისათვის.
ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტში აღმოჩნდა ნორმების გადაჭარბება შემდეგ მაჩვენებლებზე:
მეზოფილურ აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმები;
E.coli (ფეკალური დაბინძურების მაჩვენებელი).

ამ შედეგის მიხედვით პროდუქტი მავნედ ვერ ჩაითვლება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მის მოხმარებამდე მოხარშვაა გათვალისწინებული. თუმცა, შესაძლოა წარმოების პროცესში ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება იყოს საჭირო, ან გამოყენებული ნედლეული საჭიროებდეს შეცვლა-გაუმჯობესებას. უფრო ზუსტი შედეგების მისაღებად მიზანშეწონილად ვთვლით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმოს აღნიშნული საწარმო.
შემოწმების შედეგების შესახებ გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მეწარმესთან.

სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი, რომლის მიხედვითაც, სააგენტოს მიერ განხორციელებული არაგეგმური შემოწმებისას საწარმო-მაღაზია „კამაში“ არაკრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა. "

7 ნოემბერს შეძენილ პროდუქციაში აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით კი წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მეწარმესთან გაიგზავნა.