იცოდი? - რომ პირველად რუსთავქალაქობა ქალაქის დაარსების 40 წლის იუბილეზე აღინიშნა

2023-10-07 13:19:20

რამდენიმე საათში ჩვენი ქალაქი მისი სახელობის დღესასწაულს, "რუსთავქალაქობას" იზეიმებს.

იცოდი? - რომ რუსთავქალაქობა პირველად 35 წლის წინ, 1988 წელს ქალაქის დაარსების 40 წლის იუბილეზე აღინიშნა.

დღესასწაულის ჩატარების იდეა ეროვნულ გმირს და იმდროინდელი საქალაქო კომიტეტის პირველ მდივანს ჟიული შარტავას ეკუთვნის, თუმცა შარტავა პირველ დღესასწაულს ვერ დაესწრო, რადგან 1987 წელს რუსთავიდან საქართველოს კომუნალური მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილედ გადაიყვანეს.

1988 წელს "რუსთავქალაქობის" პირველი დღესასწაული გაზაფხულზე, აპრილის თვეში აღნიშნეს.

კულტურული, სპორტული და საბავშვო ღონისძიებები 2 დღის განმავლობაში იმართებოდა.

სადღესასწაულო ღონისძიების ფარგლებში ქალაქის მთავარი სტადიონის ტრიბუნაზე საიუბილეო თარიღი 1988 გამოსახეს.

ძირითადი ღონისძიებები ქალაქის ახალ შემოსასვლელთან, რუსთავი-თბილისის გზასთან და იმ უბნებში მოეწყო, სადაც ქალაქის განაშენიანება მიმდინარეობდა. მთავარი და გრანდიოზული დახურვის ღონისძიება კი ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონზე გაიმართა.

კონცერტზე მოწვეული იყო მომღერალი თამარ გვერდწითელი.

ქალაქის ქუჩებში და სტადიონზე ე.წ კოლხოზნიკის ავტომობილებით სიმღერის "ჩახედე მეგობარს თვალებში" ფონზე ჩამოატარეს იმდროინდელი ქალაქის დამსახურებული პირები, ადამიანები რომლებმაც რუსთავის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა.

მათ შორის იყვნენ სხვადასხვა საწარმოების დირექტორები და შრომის გმირები.


ორდღიანი დღესასწაული გრანდიოზული ფოერვერკით დაიხურა, რომელიც სპეციალურად ხარკოვიდან იყო ჩამოტანილი.

ჟიული შარტავასვე ეკუთვნოდა იდეა, რომ ქალაქის შემოსასვლელი ორიგინალურად გაკეთებულიყო.

საბოლოოდ კი თავისუფლებისა და მეგობრობის სიმბოლოზე, მითოლოგიურ ფრთიან ცხენზე, პეგასზე, იგივე რაშზე შეთანხმდნენ.

სწორედ "რუსთავქალაქობის" მე-15 დღესასწაულზე, 2003 წელს გაიხსნა საზეიმოდ "თავისუფლების რაშების" ქანდაკება.~