საერთო სასაფლაოდან ნეშტების ეკსგუმაციის სამუშაოები დაიწყო (ფოტო)

2017-11-17 15:31:53

რუსთავში გერმანელ ტყვეთა საერთო სასაფლაოს შესასწავლად ,,გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირის“ ექსპერტებმა დაიწყეს მუშაობა. ამ დროისთვის აღმოჩენილია 7 საფლავი, მათ შორის ერთი საერთო საფლავი, სადაც 5 ცხედარია დაკრძალული. სულ ექსპერტები 4000-მდე ცხედრის ნახვას ვარაუდობენ.

პროცესს გერმანელი ექსპერტი ლუც მიულერი და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა დაესწრნენ. ,,გერმანელ ტყვეთა საფლავებზე ზრუნვის კავშირის“ წარმომადგენლები, რუსთავში პირველად მიმდინარე წლის აგვისტოში, გერმანიის საელჩოს სამხედრო ატაშესთან ერთად ჩამოვიდნენ და ,,საწარმოო ზონაში“ არსებული სასაფლაო შეისწავლეს. კვლევაში რუსთავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. როგორც ექსპერტი ლუც მიულერი აცხადებს, აგვისტოში მოპოვებული მასალა, მათ აძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ამ ტერიტორიაზე გერმანელ ტყვეთა ცხედრებია დაკრძალული. ექსპერტების ამ ჯგუფს ანალოგიური სამუშაოები მოლდოვასა და პოლონეთშიც აქვს ჩატარებული. გერმანელი სამხედრო ტყვეები რუსთავში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხვდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ ისინი ძველი რუსთავის მშენებლობაშიც იღებდნენ მონაწილეობას.