საქველმოქმედო პროექტი

2017-11-15 19:24:40

კომპანია „ნატახტარმა“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ ადვოკატობის კამპანია რეგიონებში დაიწყო. პირველი შეხვედრა ადვოკატობის კამპანიის ფარგლებში რუსთავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, სადაც თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლების მიერ ერთობლივად მომზადებული პროგრამა წარადგინეს. შეხვედრას რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროგრამა სახელმწიფოს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერას და ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. სოციალური სამსახურის უფროსის, ნინო ქვირიას განცხადებით, პროგრამა დაეხმარება ისეთ ახალგაზრდებს, რომლებსაც შეუსრულდათ 18 წელი, აღარ შეუძლიათ ბავშვთა სახლებში დარჩენა და საჭიროა მათი საზოგადოებაში ადაპტაცია. სოციალურ სამსახურთან განთავსებული საბჭო გადაწყვეტს იმას, თუ რა სახის დახმარება ესაჭიროებათ ახალგაზრდებს. თანამშრომლობის ფარგლებში ფონდი „ნატახტარი“ შეძლებს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების საჭიროებების შეფასებას, ინტერვენციის დაგეგმვას და მონიტორინგს. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა კი შეიძლება გამოიხატოს მათთვის საცხოვრებლის დაქირავებაში, კომუნალური გადასახადების დაფარვასა და სამგზავრო შეღავათების დაწესებაში. ნინო ქვირიას განცხადებით, ამ ეტაპზე პროგრამით 5 ბავშვის დახმარებაა გათვალისწინებული.