მამაკაცი ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენდა არასრულწლოვანზე

2017-11-10 14:13:14

ბრალდებულ ზვიად მ.-ს 13 წლის მოზარდთან სქესობრივი კავშირის დამყარებისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სქესობრივი კავშირი არასრულწლოვანასა და ბრალდებულს შორის მიმდინარე წლის 25 იანვრიდან 4 თებერვლამდე, რამდენჯერმე მოხდა.

დახურულ სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მისთვის დაზარალებულის ასაკი ცნობილი არ იყო. თუმცა, სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვის ოქმებითა და Facebook მიმოწერის დათვალიერებისას დადასტურდა, რომ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბრალდებული, გრძნობებით მანიპულირებითა და თვითმკვლელობის მუქარით, ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენდა არასრულწლოვანზე.

დანაშაული მას შემდეგ გაიხსნა, როდესაც  გოგონამ  ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული აბების ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთან  სექსუალურ ურთიერთობაზე დედას უამბო. 

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.