Facebook-ის ახალი ფუნქცია

2017-11-08 18:04:51

Facebook-ი მომხმარებლებს ინტიმური ფოტოების გავრცელებისგან დაიცავს. სოციალური ქსელი უსაფრთხოების სისტემას ოთხ ქვეყანაში დატესტავს. ინფორმაციას ABC ავრცელებს. Facebook-ი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მანამდე აცნობოს სოციალურ ქსელს პრობლემატური ფოტოების შესახებ, სანამ მათი გამოქვეყნება მოხდება. ამის შესახებ ავსტრალიელმა კომისარმა, ჯული ინმან-გრანტმა განაცხადა. მისი თქმით, ინტიმური ფოტოების პუბლიკაციისგან თავის ასარიდებლად, Facebook-ის და Instagram-ის მომხმარებლები Messenger-ში საკუთარ თავს წინასწარ გაუგზავნიან პრობლემატურ ფოტოებს, რის შემდეგაც Facebook-ი მათ სპეციალურ ციფრულ ანაბეჭდს მიანიჭებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ვინმე შეეცდება სოციალურ ქსელში ანაბეჭდიანი ფოტოს ატვირთვას, სისტემა მას ხელს შეუშლის და ფოტო არ აიტვირთება. ინმან-გრანტის განცხადებით, „ავსტრალიაში, 18-დან 45 წლამდე ქალებში ხუთიდან ერთი ინტიმური ფოტოების გამო შევიწროების მსხვერპლია.“ მისივე თქმით, თუ სისტემა გეგმის მიხედვით იმუშავებს, ფოტო Facebook-ზე აღარ გამოჩნდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფოტოს ატვირთვას ჰაკერები შეეცდებიან.