ცვლილებები ერთიან ეროვნული გამოცდებში

2017-11-07 13:14:26

ერთიან ეროვნული გამოცდებში ცვლილებებია.

2018 წლიდან აბიტურიენტებს ზოგადი უნარების ტესტში ანალოგიები არა დამოუკიდებელი ბლოკის სახით, არამედ წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებების ბლოკთან ერთად იქნება წარმოდგენილი.

წაკითხულის გააზრების ნაწილს ნაცვლად 6 დავალებისა, თან დაერთვება 10 დავალება. ამ დავალებათა ნაწილი კვლავ იქნება ტექსტში მოცემული ინფორმაციის გააზრების შესამოწმებლად დასმული შეკითხვები, ხოლო 3-5 დავალება იქნება ანალოგიის ტიპის, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ანალოგიები ტექსტში არსებულ სიტყვებზე აიგება, რათა, აბიტურიენტს სიტყვის მნიშვნელობის წვდომა კონტექსტის საფუძველზე გაუადვილდეს.

ანალოგიების ბლოკის ცვლილება ლოგიკის ბლოკში დავალებათა რაოდენობაზეც აისახება. ამ ბლოკში დავალებების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა როგორც ცენტრში აცხადებენ, ეს მარტივი დავალებების ხარჯზე მოხდება. ცვლილების მიუხედავად ტესტის დრო არ შემცირდება და ის თითოეულ ნაწილზე 1სთ და 35 წუთით განისაზღვრება.

2018
წელს გარკვეული სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდასაც შეეხება. იგეგმება არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმების კორექტირება. ახალი კრიტერიუმებით არგუმენტირებული ესეს შეფასების მაქსიმალური ქულა 20-ის ნაცვლად 24-ია. ამ კრიტერიუმებით გაიზარდა ნაშრომის შინაარსობრივი მხარის შეფასების ხვედრითი წილი, რაც მიზნად ისახავს მსჯელობის არგუმენტირებისა და არაშაბლონურობის, აგრეთვე კრიტიკული აზროვნების წახალისებას. აღნიშნული ცვლილების სანაცვლოდ ქულები 20-დან 16-მდე შემცირდება ტექსტის რედაქტირების სავარჯიშოზე.

მომდევნო წლიდან მარტივდება მათემატიკის გამოცდა. მათემატიკის გამოცდაზე გაიზრდება მარტივი დავალებების ბლოკი. ასევე სიახლეა ის, რომ შესაძლოა აბიტურიენტებს გამოცდაზე შესვლის უფლება საკუთარი საწერი კალმებითაც მიეცეთ.