ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა

2017-11-05 14:26:19

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას მდიდრებს მოუწოდა, გაჭირვებულებს დაეხმარონ. უწმინდესის თქმით, სიმდიდრე საცდურია ადამიანებისთვის. “მრავალი საცდური დგას ადამიანის წინაშე და ერთ-ერთი საცდური არის სიმდიდრე. დღევანდელი სახარება მიგვითითებს, რამდენად საშიშია სიმდიდრე ადამიანისთვის. მაგრამ იყვნენ ჩვენი მეფეები, დედოფლები, რომელთაც ჰქონდათ სიმდიდრე, მაგრამ წმინდანებად დარჩნენ. სიმდიდრე - ეს არის განსაცდელი და ეს განსაცდელი უნდა დაძლიოს ადამიანმა. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, ეს სირთულე განსაკუთრებით ეხება ადამიანს, რომელიც დაკავშირებულია სიმდიდრესთან”, - განაცხადა პატრიარქმა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, სიმდიდრე თავისთავად არ არის ცოდვა, მაგრამ ის გამოყენებული უნდა იყოს ადამიანის ცხოვრებისთვის: “ალბათ თქვენს ცხოვრებაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ჩაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით და თქვენს გულში ყოფილა მსჯელობა, კამათი, დავეხმარო თუ არა. თუ დავეხმარები, შეიძლება ღვინო ან არაყი დალიოს. მაგრამ თუ არ დაეხმარები, ის მაინც დალევს. ყოფილა შემთხვევა, როცა ჩაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით, უკან დაბრუნებულხართ და მიგიციათ დახმარება. გაჭირვებული ადამიანის დახმარება არის პირდაპირი გზა სასუფეველში. ამიტომ ჩვენ უნდა დავძლიოთ ჩვენი თავი და სიმდიდრე გამოვიყენოთ ადამიანის დასახმარებლად”, - აღნიშნა პატრიარქმა.  ილია მეორის თქმით, უნახავს ოჯახები, რომლებიც შვილებს ქველმოქმედებას ასწავლიან და დილით ქუჩაში გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად უშვებენ. „ბედნიერია ადამიანი, ვინც ამას აკეთებს. არის შემთხვევა, როცა ვერ პოულობენ და დამწუხრებულნი ბრუნდებიან, რომ ვერ იპოვეს გაჭირვებული ადამიანი. ღმერთმა ხედვა მოგცეთ, გაგიხსნათ გონება და გული, რომ დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანს”, - განაცხადა პატრიარქმა.