საბერძნეთში 5 პირი დააკავეს

2017-10-24 17:30:41

საბერძნეთში ბინების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს შსს-სა და საბერძნეთის პოლიციის თანამშრომლობის შედეგად,ოთხთვიანი საგამოძიებო ღონისძიების შემდეგ უძრავი ქონების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, საქართველოს 5 მოქალაქე: ე.წ. კანონიერი ქურდი - 1986 წელს დაბადებული ო. დ., 1980 წელს დაბადებული გ. მ., 1975 წელს დაბადებული ზ. ხ., 1987 წელს დაბადებული გ. გ. და 1977 წელს დაბადებული ს. ს. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები თავის ოჯახის წევრებსა და თანამზრახველებთან ერთად წინასწარ არჩევდნენ გასაქურდ ბინებს, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ ინფორმაციას აღნიშნული ბინების შესახებ, ქურდავდნენ მათ და მოპარული ნივთების რეალიზაციას ახდენდნენ. დადგენილია, რომ ბრალდებულებს საბერძნეთის რესპუბლიკაში სულ 35 ბინა აქვთ გაქურდული.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.