ევროპაში მგზავრობის წესები გამკაცრდება

2017-10-20 21:26:28

შენგენის ზონაში მგზავრობის წესები, შესაძლოა, გამკაცრდეს. გამკაცრება შეეხებათ უვიზო მიმოსვლის მქონე მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს და ახალი რეგულაციები ძალაში, სავარაუდოდ, 2020 წელს შევა.

ევროპარლამენტში შესაბამისი ცვლილებები უკვე მომზადდა და უახლოეს მომავალში ევროპულ საბჭოსთან მოლაპარაკება დაიწყება. ცვლილებების თანახმად, სამგზავრო ნებართვის აღება მოუწევთ მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ და სავიზო ვალდებულებისგან გათავისუფლებულები არიან. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

სამგზავრო დოკუმენტის და ნებართვის ასაღებად ელექტრონული აპლიკაციის შევსება უნდა მოხდეს, რაც აქამდე საჭირი არ იყო და აპლიკაციის შევსებისას აუცილებელი მოთხოვნაა, მოხდეს საცხოვრებელი ადგილის, დაბადების ადგილის, საპასპორტო მონაცემების, გასამგზავრებელი ქვეყნის, ვადის და სასტუმროს შესახებ ინფორმაციის მითითება. განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდება აპლიკანტის გასაუბრებაზე დაბარებაც, ძირითადად კი აპლიკაციის ავტორიზაცია 72 საათში მოხდება. აპლიკაციის შევსების ღირებულება იქნება 10 ევრო, მისი ვადა კი - 3 წელი.

"ყველა პირი ვალდებული იქნება, რომ მონაცემები განათავსოს სამგზავრო ნებართვის ელექტრონულ ვერსიაში და მას ევროპოლის, ინტერპოლის და შენგენის შესაბამისი ორგანოები გადაამოწმებენ. ვფიქრობ, ეს არის ამერიკული მოდელის მსგავსი სისტემა. პროცესი იქნება სწრაფი, ევროპარლამენტი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ახალი წესებით არ მოხდება მოქალაქეების უფლებების შელახვა და დაცული იქნება მათი პირადი ინფორმაცია. ახალი წესები გავრცელდება უკლებლივ ყველა ქვეყანაზე, ეს არ არის სავიზო ვალდებულება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამსახურებმა უნდა იცოდნენ, თუ ვინ აპირებს მოგზაურობას შენგენის ზონაში," - განაცხადა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბარში ევროპარლამენტარმა ანა გომეშმა.

შენგენის ზონაში და იმ ქვეყნებში მოსახვედრად, რომლებზეც უვიზო მიმოსვლა ვრცელდება, გამკაცრებულ რეგულაციებზე მოლაპარაკების დაწყების მანდატი ევროპარლამენტმა უკვე მიიღო და მას ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა დაუჭირა მხარი. ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა 60 ქვეყანასთან აქვს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას მიაჩნია, რომ რეგულაციების გამკაცრება აუცილებელია. მათი თქმით, მთავარი გამოწვევა ტერორიზმია და გამკაცრებული რეგულაციით საზღვრის უკეთ კონტროლი და ამ საფრთხის შემცირება შესაძლებელია.

როგორც ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, მისთვის დეტალები უცნობია, თუმცა დღეს ევროპაში გასამგზავრებლად არანაირი ნებართვის აღება და ამისთვის აპლიკაციის შევსება არ გჭირდება. ამდენად, ეს ახალი რეგულაცია ცოტათი გაართულებს გამგზავრებას, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ ერთჯერადი დაბრკოლება, რადგან ამ აპლიკაციის ვადა 3 წელია.

"დღეს უვიზო მიმოსვლაზე არანაირი აპლიკაციის შევსება საჭირი არ არის, მიდიხარ ბილეთით, სასტუმროს ჯავშნით, სახარჯო თანხით და უპრობლემოდ გადადიხარ საზღვარზე. ახლა კი საუბარია 3 წელიწადში ერთხელ რეგისტრაციის მაგვარ პროცედურაზე იმისთვის, რომ მოქალაქის შესახებ, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ მგზავრობს, აქტუალური ინფორმაცია ჰქონდეთ. ავტორიზაციის 72-საათიანი ვადა მოუხერხებელია და გარკვეულ უხერხულობას ქმნის, მაგრამ რადგან 3 წელიწადში ერთხელაა შესავსები, არ უნდა გახდეს პრობლემა. უბრალოდ, სჭირდებათ, რომ ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში შევიდეს და ადამიანი ადვილად იპოვონ, თუ უვიზოდ შესული შენგენის ზონაში სადღაც გაქრება," - ამბობს გოგოლაშვილი.

საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა 28 მარტიდან ამოქმედდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ უვიზო მიმოსვლის დარღვევები მინიმალურია. მაგალითად, 28 მარტიდან 19 ივლისის ჩათვლით შენგენის ზონიდან საქართველოს 54 929 მოქალაქიდან 3 000 (5,4%) არ დაბრუნდა.

გოგოლაშვილი ამბობს, რომ დარღვევის არსებული მონაცემი მოსალოდნელი იყო, რადგან ისინი, ვინც უვიზო რეჟიმს ევროპაში დასარჩენად ელოდნენ, პირველ თვეებში წავიდნენ და დარჩნენ. ვარაუდობს, რომ მომავალ თვეებში მონაცემი გაუმჯობესდება და ევროკავშირის მხრიდან ჩვენ რაიმე სანქციას, თუნდაც უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებას, არ მივიღებთ.

წყარო: resonancedaily.com