ევროპის ქვეყნებიდან 63 პირი საქართველოში დააბრუნეს

2017-10-16 13:44:13

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი განახორციელეს.

ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში 63 მოქალაქე დააბრუნეს. სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, პირების მიღების, შემოწმების და მგზავრობის პროცესის მონიტორინგი უწყვეტად მიმდინარეობდა და დაბრუნების ოპერაციის განმავლობაში რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება არ მომხდარა.

გერმანიის მხრიდან განხორციელდა დეპორტაციის ადგილმდებარეობის ცვლილება. კერძოდ, დიუსელდორფის ნაცვლად, დასაბრუნებელი პირების დაბრუნების ოპერაცია განხორციელდა გერმანიის ქალაქ ჰანოვერიდან, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დასაბრუნებელი პირების განთავსების პირობები. კონკრეტულად, ჰანოვერში აეროპორტის ტერიტორიაზე გამოყოფილი იყო საკმაოდ დიდი ფართი, თავისუფლად იყო ხელმისაწვდომი საკვები და დასაბრუნებელ პირებს (ესკორტის თანხლებით) პირველად მიეცათ მოსაწევად სპეციალურ ტერიტორიაზე გასვლის შესაძლებლობა. დეპორტირებულ პირებს ასევე სასუალება მიეცათ საქართველოში ერთი, ზარი განეხორციელებინათ.