ხორცის სარეალიზაციო საწარმო დახურეს

2017-09-29 22:48:34

სექტემბრის თვეში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლის რეგიონში  საწარმოო პროცესი 2 ბიზნესოპერატორს შეუჩერა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქვემო ქართლის სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსმა, მირანგულ ლიპარტელიანმა, განუცხადა.

დარღვევები რუსთავში (XII მკრ-რაიონში) ხორცის სარეალიზაციო საწარმოსა და გარდაბნის ერთ-ერთ სასაკლაოზე გამოვლინდა, რის შემდეგაც ორივე ობიექტი დაიხურა და თითოეულს 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

შეგახსენებთ, გასულ თვეში ინსპექტირების შედეგად რუსთავში მდებარე საშაურმეც დაიხურა, საწარმოო პირობების გამოსწორების შემდეგ კი აღნიშნულმა ობიექტმა ფუნქციონირება განაგრძო.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს პერიოდულად ახორციელებს  იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი ობიექტები 1000 ლარით დაჯარიმდებიან და  საწარმოო პროცესი იქმადე შეუჩერდებათ, სანამ არ გამოასწორებენ არსებულ პირობებს.