საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

2017-09-23 11:29:58

საქართველოს საპატრიარქო  ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის ჩამობრძანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. დიდმოწამის წმინდა ნაწილს საქართველოში დღეს 19:00 საათზე ჩამოაბრძანებენ.

"ა.წ. 23 სექტემბერს, შაბათს, 19 სთ-ზე საქართველოში ინდოეთიდან დროებით ჩამობრძანდება ჩვენი დიდმოწამის, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი. ასეთი ტანჯული, ღვთისა და ქვეყნისათვის ასეთი თავდადებული დედოფალი მსოფლიო ისტორიაშიც კი იშვიათია. ფრიად სამწუხაროა, რომ მისი ნეშტი ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ კვირას, 24 სექტემბერს, წმ.დედოფლის წმ.ნაწილი, წირვაზე, 11სთ-ზე, მუზეუმიდან გადაბრძანებული იქნება სამების საკათედრო ტაძარში და თქვენ გეძლევათ უნიკალური საშუალება, თქვენი სიყვარული და პატივისცემა გამოხატოთ მისდამი.
ლუსკუმა წმინდანის ნაწილით 25 სექტემბერს, ორშაბათს, 13 სთ-ზე, წაბრძანდება კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში, რათა ქეთევანობის დღესასწაულზე წმ.ქეთევანს მლოცველებმა იქ სცენ მას თაყვანი.
შემდეგ სიწმინდე სხვა ეპარქიებსაც მოივლის.
ყველა ქეთევანს, სრულიად საქართველოს ვულოცავთ დიდმოწამის წმინდა ნაწილის შემობრძანებას სამშობლოში.
" -აღნიშნულია საპატრიარქოს განცახადებაში.

შეგახსენებთ, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წმინდა დიდმოწამის, დედოფალ ქეთევანის წმინდა ნაწილის საქართველოში ჩამობრძანებას დაესწრება.