ცესკოში განაცხადების შეტანის ვადა ამოიწურა

2017-09-21 19:02:29

დღეს საოლქო საარჩევნო კომისიაში განაცხადების შეტანის ბოლო ვადა იყო. დღეის მდგომარეობით, საოლქო საარჩევნო კომისიაში 16 საარჩევნო სუბიექტის განაცხადია შეტანილი. მათგან, ჯერჯერობით, არც ერთი სუბიექტი არ არის რეგისტრირებული. ცესკოში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს განაცხადების განხილვის პროცესი. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, ამის შესახებ პარტიას წერილობით ეცნობა და მისი გამოსწორებისთვის კანდიდატებს ორდღიანი ვადა ექნებათ. ცესკოს განცხადებით, „გუშინ 84 საარჩევნო უბანზე საოლქო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა. ამავე რაოდენობის საარჩევნო უბანზე აირჩა თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი. სხდომები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. ყველა უბანს დაურიგდა სიები, აბრები, სარეგისტრაციო ჟურნალები, რაც ნიშნავს იმას, რომ უბნებმა დღეიდან დაიწყო მუშაობა“. საარჩევნო უბნებში უკვე განაწილებულია ამომრჩეველთა საერთო სიები, რომელშიც ამომრჩეველს უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში შეუძლია მიმართოს როგორც უბნის საარჩევნო კომისიას, ისე საოლქო საარჩევნო კომისიას. საარჩევნო სუბიექტების სია, რომლებმაც ცესკოში განაცხადები შეიტანეს, ასე გამოიყურება:

1. ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

3. ევროპული საქართველო

4. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი

5. საქართველოს ლეიბორისტული პარტია

6. რესპუბლიკური პარტია

7. ზვიადის გზა - უფლის სახელით

8. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა

9. საარჩევნო ბლოკი: დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო

10. პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო

11. პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა

12. პოლიტიკური გაერთიანება მემარცხენე ალიანსი

13. პოლიტიკური გაერთიანება ხალხის პარტია

14. პოლიტიკური გაერთიანება ახალი ქრისტიან-დემოკრატები

15. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი

16. სოციალისტური საქართველო - კომუნისტები