რა მდგომარებაა შენობაში, რომელშიც მე-4 სკოლის მოსწავლეები ისწავლიან (ვიდეო)

2017-09-14 17:16:23

რუსთავის მე-4 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მოსწავლეები №22-ე და №8-ე საჯარო სკოლებში გადანაწილდნენ. მე-8 სკოლაში სასწავლო პროცესისთვის შეუსაბამო პირობების შესახებ "ინფო რუსთავს" მე-4 სკოლის ერთ-ერთმა მშობელმა აცნობა. როგორც მშობელი განმარტავს, ახალი სასწავლო წლის დასაწყებად, მე-8 სკოლაში სათანადო პირობები არ არსებობს და საკლასო ოთახების რეაბილიტაციისთვის პედაგოგებმა მათ თანხის შეგროვება მოსთხოვეს.

საკითხთან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" მე-4 საჯარო სკოლის დირექტორს, მამუკა ხამხაძეს დაუკავშირდა. როგორც ხამხაძე აცხადებს, მე-8 სკოლის მდგომარეობის შესახებ მშობლებს რამდენიმე თვით ადრე აცნობეს, თუმცა დირექციას მათთვის თანხის შეგროვების ინიციატივით არ მიუმართავს.

დირექტორის ინფორმაციით, საკლასო ოთახებში პირობების გასაუმჯობესებლად მე-4 სკოლიდან ძველი ინვენტარი გადაიტანეს და მშობლებს დახმარება სწორედ აღნიშნული ინვენტარის აწყობაში სთხოვეს.
ამ დროისთვის კი მე-8 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დასაწყებად მზად არის.

შეგახსენებთ, აშშ-ს ათასწლეულების გამოწვევის ფონდის მიერ სკოლების სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში მოხვედრილი რუსთავის სოკლების რეაბილიტაციის გამო, №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები №22 და №8 საჯარო სკოლაში, №15 საჯარო სკოლის მოსწავლეები №25 საჯარო სკოლაში, №28 საჯარო სკოლის მოსწავლეები კი №23 საჯარო სკოლაში გადანაწილდებიან. ნახეთ ვიდეო.