რატომ ვერ ბრუნდებიან რუსთაველები რუსთავში

2017-09-11 19:54:47

"ინფო რუსთავს" ის რუსთაველები დაუკავშირდნენ რომლებიც თბილისში იმყოფებიან და რუსთავში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. მგზავრი რომელიც ჩვენ დაგვიკავშირდა აცხადებს რომ - "უკვე თითქმის 1 საათია გაჩერებაზე ვდგავართ, ჩემს ირგვლივ უამრავი რუსთაველია. მიკრო-ავტობუსები არ დადიან, წეღან მოვიდა ერთი ცარიელი და ასვლა რომ დავაპირეთ გვითხრა რომ გზაზე საცობია და ჯერ ვერ წაიყვანს მგზავრებს. იქნებ დაგვეხმაროთ და გაარკვიოთ რა ხდება".

"ინფო რუსთავი" კომპანია "ინტერტრანსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, სოფო ცერცვაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა რომ - "მგზავრების გადაყვანასთან დაკავშირებულ შეფერხებაზე ცხელ ხაზზე არავის დაურეკავს. იმ შემთხვევაში თუ მაგისტრალზე საავტომობილო საცობია, მძღოლი ვალდებულია ალტერნატიული გზით ჩამოიყვანოს მგზავრი, ვგულისხმობ ლილოს შემოვლით გზას. რაც შეეხება იმას რომ მიკრო-ავტობუსის მძღოლს მგზავრები თვითნებურად არ გადაჰყავს ეს ყოვლად დაუშვებელია. თუ მსგავსი ფაქტი ფიქსირდება მგზავრებმა აუცილებლად უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე 0341 29 80 80 და გვაცნობონ ამის შესახებ".