თურქეთში ქართველებისთვის მუშაობის ნებართვის მიღება გამარტივდა

2017-09-09 13:00:22

თურქეთის რესპუბლიკის ზოგიერთ გუბერნიებში სეზონურ სამუშაოებზე  საქართველოს მოქალაქეებისთვის მუშაობის ნებართვის მიღება გამარტივდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დასაქმების მსურველებმა დოკუმენტის მისაღებად თურქეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გვერდზე განცხადება ელექტრონულად უნდა შეავსონ.

„პირველ ეტაპზე ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს დაწესებულების ოლქში – სამსუნის, ორდუს, გირესუნის, ტრაპიზონის, რიზესა და ართვინის გუბერნიებში, სეზონურ სამუშაოებზე (ჩაი და თხილი) დასაქმების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს, ერთი წლის განმავლობაში, 90 დღით არ ესაჭიროებათ მუშაობის ნებართვის მიღება.

აღნიშნული დოკუმენტის მისაღებად, სეზონურ სამუშაოებზე მომუშავე საქართველოს მოქალაქე ვალდებულია შევიდეს თურქეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საერთაშორისო შრომის გენერალური დირექტორატის გვერდზე - https://yuminet.csgb.gov.tr/#/app/giris, რომელიც ფუნქციონირებს ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე და ელექტრონულ ფორმატში შეავსოს განცხადება, რომლის საფუძველზე, შემდგომში რაიონის გამგეობის მიერ მას მიეცემა „მუშაობის ნებართვისგან გათავისუფლების დოკუმენტი“, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ზემოაღნიშნულ სეზონურ სამუშაოებზე (ჩაი-თხილი), დასაქმებულთა მიერ პროცედურების შესრულების შემთხვევაში დაცული იქნება საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებები.

განცხადების შევსების წესები და პროცედურები ასევე განთავსებულია ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალურ ვებგვერდზე http://trabzon.con.mfa.gov.ge“, – აცხადებენ სამინისტროში.