ვინ და რატომ მოკლა ბათუმში რუსთაველი მომღერალი

2017-09-08 22:51:09

ბათუმში გარდაცვლილი რუსთაველი მომღერლის საქმესთან დაკავშირებით ახალი ვერსიები იკვეთება. 27 წლის გიორგი ხაჭაპურიძის ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდები ახლო მეგობრებმა ფულის გამო მოწამლეს, მოკლეს და გაქურდეს.

როგორც "ინფო რუსთავს" გარდაცვლილის მამამ განუცხადა, გიორგი ხაჭაპურიძე ბათუმში დიდი ოდენობის თანხით ჩავიდა, ის ამ თანხით ახალი მუსიკალური კლიპის გადაღებას გეგმავდა. როგორც მომხდარის შემდეგ გაირკვა, ახალგაზრდების მიერ  ნაქირავები ბინიდან მობილური ტელეფონები, კომპიუტერი და 10 000 ლარამდე ოდენობის თანხა დაიკარგა. აღსანიშნავია, რომ 3000 ლარამდე თანხას, რომელიც გარდაცვლილს სხვაგან ჰქონდა დამალული, მკვლელებმა ვერ მიაგნეს.

გარდა ამისა, ოჯახის ინფორმაციით, გიორგი ხაჭაპურიძესა და ზვიად სახლთხუციშვილთან ერთად ბინაში კიდევ 3 პირი იმყოფებოდა, მათგან 2 მამაკაცი, ხოლო 1 ქალი. ქალი ბინიდან ადრე წასულა, აღსანიშნავია რომ სახლში სუფრა 5 ადამიანზე იყო გაშლილი. გარდაცვლილის მშობელი ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ზუსტად იცის ვინ იმყოფებოდა მის შვილთან ბინაში, თუმცა ჯერ გამოძიებას ელოდება და სჯერა, რომ გამომძიებლები სწორ კვალზე არიან გასულები.

რუსთაველი მომღერლის ოჯახი ფიქრობს, რომ ახალგაზრდები მათმა უახლოესმა მეგობრებმა დიდძალი ფულის გამო მოწამლეს, ქიმიური ნივთიერება კი ან უალკოჰოლო სასმელში ან საკვებში გაურიეს. ოჯახის წევრი ინტერვიუში ასევე საუბრობს იმაზეც, რომ მისი შვილის მეგობრები უყურებდნენ, თუ როგორ კვდებოდნენ გიორგი და ზვიადი, ხოლო როდესაც დარწმუნდნენ მათ გარდაცვალებაში სახლიც სწორედ მაშინ დატოვეს.

ოჯახი კატეგორიულად უარყოფს, იმ ვერსიას, რომ ახალგაზრდები მათი ორიენტაციის გამო მოკლეს და ამბობს, რომ გიორგი ხაჭაპურიძე ტრადიციული ორიენტაციის იყო.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება გრძელდება, ამ დრომდე პოლიციამ არაერთი ადამიანი გამოკითხა, ექსპერტიზის შედეგები კი ჯერ-ჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, ერთი თვის წინ, 8 აგვისტოს ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში 2 ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომლებიც რუსთაველ მომღერალ გიორგი ხაჭაპურიძისა და მოდელ ზვიად სახლთხუციშვილის ეკუთნოდათ.