რა ჯდება მოსწავლის სასკოლოდ მომზადება

2017-09-08 17:24:40

ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, სასკოლო სამზადისი კიდევ უფრო აქტუალური ხდება. "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, საშუალოდ რამდენი უჯდებათ მშობლებს, ბავშვების სასკოლოდ მომზადება.

"ინფო რუსთავი" რუსთავის ე.წ სტამბოლის ბაზრობაზე იმყოფებოდა, როგორც მოვაჭრეები აცახადებენ, შარშანდელთან შედარებით სასკოლო სამოსსა და ნივთებზე ფასები გაზრდილია, რაც ძირითადად ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ განაპირობა.

სასკოლო ჩანთების ფასი ბაზრობაზე 20 ლარიდან იწყება და 60-ლარამდე მერყეობს. ჩანტებზე ფასის ზრდას მისი ხარისხი განაპირობებს.

რაც შეეხება თეთრ პერანგებს, გოგონებისა და ბიჭებისთვის თეთრი პერანგების ფასი 15-დან 35 ლარამდეა. გოგონებისთვის კაბის ყიდვა კი საშუალოდ 35 ლარადაა შესაძლებელი, შავი შარვლის ყიდვა მშობლებს 25-დან 30 ლარამდე დაუჯდებათ.

შედარებით ძვირი ღირს ფეხსაცმელი, როგორც გოგონებისთვის, ასევე ბიჭებისთვის ფეხსაცმლის ფასი 35 ლარიდან იწყება და 60 ლარს აღწევს.

რაც შეეხება სასკოლო ნივთებს, რვეულების ფასი, მისი ზომისა და ფურცლების რაოდენობის მიხედვით იცვლება.  40-ფრუცლიანი სასკოლო რვეული 0.70 ლარი, 100-ფურცლიანი რვეული კი 1.20 ლარი ღირს. კალმების ფასი 20 თეთრიდან იწყება, ფერადი ფანქრების, სახატავი რვეულისა და სახაზავის მინიმალური ღირებულება 1 ლარია. საშლელი და სათლელი კი 50 თეთრი ღირს. ფანქრების ჩასაწყობი პენალის ფასი კი 2 ლარიდან იწყება და ხარისხისა და დიზაინის მიზედვით მისი ფასი კიდევ უფრო მატულობს.

როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, შესაძლოა, სასკოლო ნივთების ფასმა მცირედით კიდევ მოიმატოს.

შეგახსენებთ, 2017-18 სასწავლო წელი საქართველოს სკოლებში 15 სექტემბერს იწყება.