"ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალება"

2016-11-29 17:29:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის სხდომაზე ონლაინ სესხების გაცემის აკრძალვის შესახებ განაცხადა. „კიდევ ერთი სიახლე მინდა დავაანონსო. ეროვნულ ბანკთან ერთად ჩვენ ვამზადებთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ონლაინსესხების გაცემა, რაც, ასევე, მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოგადოების მხრიდან.ყველა ეს ნაბიჯი გადადგმულია, როგორც უკვე აღვნიშნე,  სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის, რასაც ზოგ შემთხვევაში მომენტალური, მოკლევადიანი, გარკვეულ შემთხვევებში კი საშუალო და გრძელვადიანი ეფექტი და შედეგი ექნება“. მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან მცირე ზომის სესხები, 100 ათას ლარამდე და შემდეგ წელს 200 ათას ლარამდე მხოლოდ ეროვნული ვალუტით გაიცემა. „მომზადდება რეკლამის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ნებისმიერი საქონლის, ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება აუცილებელი იქნება ლარით. ეს არ გულისხმობს სხვა ვალუტით ფასის გამოცხადების აკრძალვას. მაგალითად, სამშენებლო კომპანიამ ბინის ფასი უნდა გამოაცხადოს ლარით. სურვილის შემთხვევაში, მიუთითოს ფასი ნებისმიერი სხვა ვალუტით. შედეგად შემცირდება ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულება უცხოურ ვალუტაზე, დოლარზე და სავალუტო ცვლილებები ნაკლებ გავლენას მოახდენს ადამიანების ფინანსურ მდგომარეობაზე“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.