მიკროავტობუსებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობები დამონტაჟდება

2017-08-30 18:03:14

მიკროავტობუსებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დამონტაჟება სავალდებულო გახდება.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობამ  „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა.

რეგლამენტის მიხედვით, 5 ტონამდე და 5 ტონაზე მეტი მასის მქონე, მგზავრთა გადამყვანი ტრანსპორტის გზებზე გამოყენება  მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დასაშვები, თუ ისინი აღჭურვილი იქნებიან სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით, რომლითაც მათი სიჩქარე საათში 100 კილომეტრზე მეტი არ იქნება.
 ხოლო 3.5 ტონამდე ან მეტი სრული მასის მქონე ტვირთის გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარე საათში 90 კილომეტრს არ უნდა აღემატებოდეს.

ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელის ლავრენტი ალანიას განცხადებით, რუსთავში ხშირია სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევები, შესაბამისად აღნიშნული რეგულაციის ამოქმედება უფრო უსაფრთხოს გახდის მგზავრობას.

აღნიშნული  რეგლამენტი საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული ან/და პირველად რეგისტრირებული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის 2017 წლის 31 დეკემბრიდან, ქვეყნის შიდა გადაზიდვებში ჩართული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის კი 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.