რამდენი ლარით ჯარიმდება სიგარეტის ნამწვის გადაგდება

2017-07-20 12:00:51

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითმა ინსპექტორებმა 3 თვის განმავლობაში გარემოს დაბინძურებისთვის 1343 საჯარიმო ოქმი შეადგინეს. საერთო ჯამში ჯარიმებმა 143 950 ლარი შეადგინა. 1 343 სამართალდამრღვევი პირიდან 616 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა სახის ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის დაჯარიმებულია 1 294 ფიზიკური და 49 იურიდიული პირი.

სიგარეტის ნამწვით ტერიტორიის დანაგვიანება 80 ლარით ჯარიმდება. დეტალური ინფორმაცია თბილისში გარემოს დაბინძურებისთვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობის შესახებ. იხილეთ აქ.

„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები დედაქალაქის ქუჩებში 3 აპრილიდან გამოჩნდნენ. პირველი 2 კვირის განმავლობაში მათ გამოჩენას ინფორმაციული ხასიათი ჰქონდა, ხოლო „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად, მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარიმო ოქმების შედგენა 20 აპრილიდან დაიწყეს.

ქვეითი ინსპექტორების გარდა „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახური დედაქალაქის მასშტაბით პერმანენტულ ინსპექტირებას ეკიპაჟების სახითაც ახორციელებს.