იქნება თუ არა შესაძლებელი ქართული მართვის მოწმობით საზღვარგარეთ სარგებლობა

2017-07-19 18:20:48

შესაძლოა, საქართველოში აღებული მართვის მოწმობებით სარგებლობა ევროკავშირის ქვეყნებშიც შესაძლებელი გახდეს. ამ საკითხზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა „ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში ისაუბრა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ელჩებს გააცნობს იმ პრიორიტეტებს, რაზეც უწყება მუშაობს, როგორიცაა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, რეადმისიის თემები, საზღვრის დაცვა, საგანგებო სიტუაციები. ხუციშვილის თქმით: „დანაშაულის კლებაა მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც პოლიციის ატაშეებია გაგზავნილი.“ მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის უწყება, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი შეთანხმება, მემორანდუმი და ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. „რაც მთავარია, უნდა გავააქტიუროთ მუშაობა ჩვენი მართვის მოწმობების აღიარების კუთხით, განსაკუთრებით, ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენ ოფიციალურად დავიწყეთ დიალოგი, რამდენიმე ქვეყანასთან და ახლა საჭიროა, ამ მიმართულების უფრო აქტიურ ფაზაში გადაყვანა. ვფიქრობთ, მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობების ქუჩაში გატანა მოხდება და მართვის მოწმობის გამოცდა გართულდება, ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრი ქვეყნებში ამ პროცესს.“ შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, ყველა მართვის მოწმობის აღიარება მოხდეს.